ცესკოს პრეს-სპიკერის განმარტებით, მოქალაქეები, რომლებიც საარჩვენო უბნებთან რიგში დგანან, ხმას 8 საათის შემდეგაც მისცემენ. ამის შესახებ ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი იმყოფება რიგში, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე გამოდის, ის იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და რიგში მდგომ პირებს 8 საათის შემდეგაც აქვთ უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“,- განაცხადა პრეს-სპიკერმა.
ამასთან, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77%-ია.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











