მოსახლეობის 67%-მდე კრედიტი აქვს, რაც ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
გვენეტაძე ამბობს, რომ სესხების გაცემაზე კონტროლი აუცილებელია, მისვე თქმით, ადამიანს უნდა ქონდეს სესხის აღების საშუალება, მაგრამ უნდა ისესხოს ისე, რომ მისი უკან დაბრუნება შეძლოს.
„ზუსტად ორი წლის წინ მივიღეთ დებულება პასუხისმგებლიანი დაფინანსების შესახებ, რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია. ამბობდნენ, რომ თუკი ადამიანს სესხება უნდა, რატომ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ისესხოს. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა ისესხოს, მას ამის საშუალება უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ისესხოს ისე, რომ სესხის უკან დაბრუნება შესძლოს. ადამიანს სესხის მომსახურება უნდა შეეძლოს. ამავე დროს, ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მსესხებელმა სესხის გადახდა ვერ შეძლო, დეპოზიტებს, რომელიც ბანკშია, საფრთხე შეექმნება და ქვეყანაში ფინანსურ კრიზისს მივიღებთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.











