მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბაში-იანეთში მათი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა საკანდელიძე უკანონოდ გაიტაცეს რამდენიმე საათის განმავლობაში და მუქარის, ზეწოლის შედეგად აიძულეს, რომ კანდიდატურა მოეხსნა.
“სისტემურ საარჩევნო დანაშაულში ჩართული არიან კრიმინალები, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბი, საოლქო-საარჩევნო კომისია. გუშინ, 8 საათის მანძილზე უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა. ის არის 4 შვილის მამა და მას საკუთრი შვილებით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, შენი შვილები აქ თამაშობენ სტადიონზე და ა. შ. კონკრეტული მუქარა განხორციელდა არა მხოლოდ მასზე, არამედ მის შვილებზეც. საბოლოოდ, მას აიძულეს ამ რამდენიმე საათის ზეწოლის შემდეგ დაეწერა განცხადება.
ეს განცხადება დაიწერა სამტრედიაში, “ქართული ოცნების” შტაბში, შემდგომ ეს განცხადება გადაეცა საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანს. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, რომ მან კანდიდატურა მოხსნა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი ვეძებდით მას და ბოლოს, დაახლოებით 5-6 საათზე ვიპოვეთ ეს ადამიანი. მან სრულად აღწერა ის ინფორმაცია, რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის “ქართული ოცნება”, კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია სამტრედიაში. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ განცხადების გაუქმებას“, – განაცხადა ვაშაძემ.









