მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, არ ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტში, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია აღნიშნული.
„ევროპის საბჭოში შესვლამდე ორივე ქვეყანამ აიღო ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და ეს ვალდებულება მკაცრად უნდა იყოს დაცული. ამ რთულ პერიოდებში, ვფიქრობ, სამოქალაქო პირებზე, მათ შორის ბავშვებზე, ქალებსა და მოხუცებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ გრძნობენ თავს დაუცველად – ისევე როგორც ყველა, ვინც კონფლიქტისგან ზარალდება.
ევროპის საბჭოს სახელით, მოვუწოდებ ორივე ქვეყნის ხელისუფლებას, გააკეთონ ყველაფერი, რომ დაიცვან ადამიანის სიცოცხლე და არ ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტში. ძალისხმევა არ უნდა დაიზოგოს ესკალაციის შესაჩერებლად. ამ სიტუაციაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, რათა დავეხმაროთ წევრ ქვეყნებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა აზერბაიჯანის მხრიდანაა დაწყებული.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული ვერტმფრენისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.











