ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მე ცნობად მივიღე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება კვლავ წარმოადგენს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისთვის, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
მე თანაბრად მივიღე ცნობად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ზრდის მიღწევას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის კეთილდღეობისთვის.
სიღრმისეულ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებსა და თავისუფალ და სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.
საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შექმნილი სიტუაციისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად“, – ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.
შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.











