„ხვალ ქართული ფეხბურთის ისტორიაში არის უმნიშვნელოვანესი თამაში. გავამხნევოთ ჩვენი ფეხბურთელები, ვუსურვოთ მათ წარმატებები და ვუგულშემატკივროთ.“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
მან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა.
„სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სტადიონზე მიმდინარე მატჩს ვერ დაესწრებიან გულშემატკივრები.
დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ელოდება ამ მატჩს და სახლებიდან გავაგონებთ ბიჭებს ჩვენს ხმას. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. იცოდეთ, მთელი საქართველო თქვენ გვერდითაა!““- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 12 ნოემბერს გაიმართება. მოგების შემთხვევაში, ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. მატჩი 21:00 საათზე გაიმართება.










