„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ოპოზიციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციას მუშაობა ეზარება და სხვების წყევლაზე არიან გადასულები.
ამის შესახებ ელისაშვილმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
„თუ ეს კანონპროექტი მივიღეთ ისე, როგორც მემორანდუმშია ჩაწერილი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თამარ ჟვანია აღარ უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე. სამუშაო ჯგუფი იმისთვის იქმნება, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში ისეთი დეტალები გავწეროთ, რომ თამარ ჟვანია კიდევ ახალმა თამარ ჟვანიამ არ ჩაანაცვლოს. ოპოზიციის ნაწილს რატომ აქვთ ბოიკოტი გამოცხადებული და თან პრეტენზიები აქვთ – თუ ჩვენ პარლამენტში არ ვიქნებით, მაშინ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში უნდა ვიყოთო. ეგ რა მაგარი ამბავია – მუშაობა ეზარებათ პარლამენტში და ყველა სიკეთე უნდათ, რაც კი არსებობს დედამიწაზე. არ ვიცი მე რას შვებიან. ერთადერთი, რითიც არიან დაკავებული – ჩვენ რომ რაღაცას ვაკეთებთ, მემორანდუმზე ვთანხმდებით, სამუშაო პროცესი მიდის, დგანან და გვწყევლიან. მერე მოვა თვითმმართველობის არჩევნები და გამართულ საარჩევნო სისტემაში მონაწილეობას მიიღებენ. როგორ არ შერცხვებათ, ძალიან მაინტერესებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და მუშაობას, ელისაშვილი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას „მოქალაქეები“ არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.










