აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარაში არჩევნებზე, აჭარის მოსახლეობის ოპოზიციურ ლიდერზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, მათთან დიალობის მზაობასა და არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს.
“ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სამართლებრივი და დემოკრატიული განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ამ არჩევნების ჩატარების სამართლიანობა, ტრანსფარენტულობა შეფასებულია არაერთი რეპუტაციული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, მათ შორის – სულ რამდენიმე საათის წინ, ეუთოს კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ არჩევნები სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა.
რაც შეეხება კონკრეტულ საჩივრებს, თუ არსებობდა შეკითხვები, საჩივრების განხილვისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ აბსოლუტური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ამ განხილვებში. თუმცა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თითოეული საჩივარზე რეაგირება მოხდა.
თამაშის წესები წინასწარ ცხადი და განჭვრეტადი იყო – როცა არასასურველი პოლიტიკური შედეგები დადგა და ორი ოპოზიციური პარტიის გარდა, ვერცერთმა სხვა პარტიამ ბუნებრივი ბარიერი ვერ გადალახა. ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია, აჭარის უმაღლესი საბჭოს გაძლიერების მიზნით, განახევრდა მაჟორიტარობის მანდატების რაოდენობა და შევინარჩუნეთ პროპორციული სიით 18 სიითი შემადგენლობა. ეს გაცილებით სამართლიანი იყო.
ამ ყველაფერში მონაწილეობაზე ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა სურვილი გამოთქვა, ჩვენ არც რეგიონში და არც ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების სიმცირეს არ ვუჩივით. ხალხის უმრავლესობის ნდობა ამ კონკრეტულ არჩევნებშიც ქართული ოცნების მიმართ გამოიკვეთა და ახლა, ოპოზიცია ცდილობს დესტრუქციულად გამოიყენოს. ჩვენი პოზიცია ასეთია, ჩვენ დღესაც მზად ვართ დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. მზად ვართ ამომრჩეველთა კონსოლიდაციისთვის საერთო ენა გამოინახოს და კონკრეტული დრო დავთქვათ მოლაპარაკებებისთვის. ” – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
ვახო ხუზმიაშვილის კითხვას, ოპოზიციის ბრალდებაზე, რომ არჩევნების შედეგები უპრეცედენტოდ გაყალბდა, თორნიკე რიჟვაძე ასე პასუხობს:
“არასასურველი შედეგების დადგომის შემდეგ, არაერთხელ ყოფილა მსგავსი ბრალდებები არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო აღიარება კი სადამკვირვებლო მისიების მიერ უკვე მოხდა.
რაც შეეხება კონკრეტულ საჩივრებს, ყოველთვის არის შესაძლებლობა ეს ყველაფერი გადავიდეს პოლიტიკურ განზომილებაში, ამის შესახებ დღეს, პრემიერაც განაცხადა.
უადგილოა ქუჩაში პროცესების გადატანა და ულტიმატუმის ენით საუბარი, როცა სამართლებრივად შესაძლებელია თიოთოეული საჩივრის განხილვა.
ოპოზიციონერებმა უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების კონსოლიდაციის სისწორე და უფრო ცივილური გზით მოხდეს შეთანხმება.
მომიტინგეებს მინდა შევახსენო წინასწარი კვლევები. ქართული ოცნება რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებდა, ამას წინასწარი კვლევები და საზოგადოების განწყობა მოწმობდა. ჩვენ წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე განვაცხადეთ, რომ ქართული ოცნება პასუხისმგებლობას იღებდა როგორც ჩვენს ამომრჩეველზე, ისე – ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებზე. ჩვენ ამ ხაზით გავაგრძელებთ მუშაობას.
დესტრუქციული მოწოდებები და ქმედება კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამას კი ის ჯობია, ერთობლივად მოვახდინოთ კონსოლიდირება და მხოლოდ ამ გზით არის მეტი წარმატება მიღწევადი.” – პასუხობს თორნიკე რიჟვაძე.
გადაცემის წამყვანის კითხვას, რამდენად კომფორტული იქნება ქართული ოცნებისთვის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გარეშე მუშაობა, თორნიკე რიჟვაძე პასუხობს, რომ შესაძლოა, ერთპარტიულად მუშაობა აჭარის მთავრობისთვის უფრო კომფორტული იყოს.
“გულწრფელად ვიტყვი, შესაძლოა ჩვენთვის და ჩვენი ამომრჩევლებისთვის სახელისუფლებო საქმიანობა ერთპარტიულად უფრო კომფორტულიც კი იყოს, მაგრამ ჩვენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე პასუხისმგებლობა გვაქვს და მათ შორის, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში თითოეული მანდატი უნდა იყოს ამოქმედებული.
აჭარის მოსახლეობის ინტერესებშია იმ მანდატების რაოდენობის გათვალისწინებით, ნაციონალური მოძრაობის მანდატებით შემოვიდნენ საბჭოში და შეუდგნენ მუშაობას. თუმცა, ჩვენ მათ ამისკენ ვერ მოვუწოდებთ.
მალე მეორე ტური იქნება და ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ვემზადებით.” – აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.











