ალექსეი ნავალნის თანაგუნდელების თქმით, რუსმა ოპოზიციონერმა ციხეში სასჯელის მოხდის დაწყების შემდეგ 15 კილოგრამი დაიკლო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ციხის ადმინისტრაცია ნავალნის საკვების მიღებას აიძულებს.
„ადმინისტრაცია ყოველდღე იმუქრება, რომ მას ძალით აჭმევენ,“- აცხადებენ პოლიტიკოსის თანაგუნდელები.
თანაგუნდელების თქმით, 44 წლის რუსმა ოპოზიციონერმა შიმშილობა მარტის ბოლოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხის ადმინისტრაციამ მის სათანადო მკურნალობაზე უარი განაცხადა. ნავალნის ზურგისა და ფეხის ტკივილი აწუხებდა.
ციხის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ მათ მიერ შეთავაზებულ მკურნალობაზე ნავალნიმ უარი განაცხადა, რადგან მას საკუთარი ექიმის შემოყვანა სურდა, რაზეც უარი მიიღო.











