NATO ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების გაფართოების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ალიანსის პრესსპიკერის, ოანა ლუნგესკუს განცხადებით, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მრავალეროვნული კომპონენტი არც ერთი ქვეყნის მიმართ საფრთხეს არ წარმოადგენს. ის თავდაცვითი და პროპორციულია და მშვიდობის შენარჩუნებისთვის არის განკუთვნილი.
„NATO-ს რეგიონში სამხედრო ძალების მობილიზება არ განუხორციელებია“, – განაცხადა ოანა ლუნგესკომ.
მისივე თქმით, NATO ბელარუსში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრის დასავლეთ ნაწილთან ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ტანკები და თვითმფრინავები განათავსა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსკოვი მინსკს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციები ბელარუსში ერთი კვირაა იმართება. დემონსტრანტები პრეზიდენტ ლუკაშენკოს 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.











