2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშედ, შესაძლოა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანოს.
გადაწყვეტილია თუ არა არჩევნებში სააკაშვილის სიის პირველ ნომრად წარდგენა, ამ საკითხზე „ნაცმოძრაობაში“ დაზუსტებით არ საუბრობენ, თუმცა ღიად აცხადებენ, რომ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წარდგენა სავსებით რეალურია. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილი არის თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი. ქვეყანაში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პოლიცია, ახალი ჯარი, იუსტიციის სახლები, ახალი საბაჟო, საგადასახადო… დენი, წყალი, ყველაფერი, რაც არ იყო, ამ საკითხების ნელ-ნელა მოგვარება დაიწყო. ასევე, გზების მშენებლობა, ქალაქების რეკონსტრუქცია, ტურიზმის განვითარება, საქართველოს პოზიციების გაძლიერება ყველა მიმართულებით, ხელფასები, რეფორმირება, განათლების, ჯანდაცვის სისტემის. სააკაშვილის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა გაოთხმაგდა, ბიუჯეტი, პენსია 11-ჯერ გაიზარდა.
მიხეილ სააკაშვილი არის უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე ადამიანი მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, ამიტომ ძალიან დიდი სისულელე იქნება, რომ გყავდეს ასეთი ფიგურა და რეალურად, არ ეცადო, რომ ის გამოიყენო.
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაბის“ ლიდერია. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიაღწევს იმ წარმატებას, რომელიც განპირობებული იქნება საზოგადოების დიდი მხარდაჭერით, სავსებით ლოგიკურია, რომ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს, პოლიტიკურად ასეა, ტექნიკურ საკითხებს რაც შეეხება, წართმეული მოქალაქეობის მიღების აღდგენას და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, გადასაწყვეტი იქნება“,- განაცხადა ბარამიძემ.
ასევე, ნახეთ – შეუძლია თუ არა ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











