შეუძლია თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება? ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას სააკაშვილის საარჩევნო სიაში ყოფნა არ გამორიცხა.
როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „პრაიმტაიმნიუსთან“ განმარტა, სააკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეა და თან, მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
„სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის, ამიტომ აქ ყველაფერი დამთავრებულია. ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონდეს, კი ბატონო. სააკაშვილი საქართველოშიც რომ იყოს, ის ბუნებრივია, გისოსებს მიღმა იქნებოდა, მას სასამართლო განხილვები ექნებოდა და არა საარჩევნო კამპანია.
მას პარტიის წევრობაც არ შეუძლია, კამპანიას რომ თავი დავანებოთ. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი ამბობს, რომ საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე“,- განაცხადა ალაფიშვილმა.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე თვის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. თუმცა როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად ჩაერთვება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











