„ქართული ოცნება“ თანდათან დაემსგავსა ჯაყოს, ადამიანს, რომელიც მოჯამაგირედ დაიქირავეს და ძალადობით წამოაჯდა თავის დამქირავებელს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ სურს, რომ მოლაპარაკებების ფორმატს მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს.
„ვართ ბოიკოტის რეჟიმში. უარს ვამბობთ მანდატებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას იმიტომ, რომ ეს არის სამართლიანი და სწორი ბრძოლა, რომელმაც უნდა დაასრულოს ამ ქვეყანაში ტყუილზე, თვალთმაქციანობაზე, კანონდარღვევაზე დაფუძნებული რეალობა და უნდა გადავიდეთ სრულიად ახალ რეალობაში. ამ აქტით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ პოლიტიკაში მოვედით არა იმიტომ, რომ თანამდებობები ან ოფიციალური სტატუსები გვჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ბრძოლისთვის, ეს მეათეხარისხოვანია, მთავარია, რომ ვდგევართ იქ, სადაც სჭირდება ამ ქვეყანას.
ყველაზე უფრო ნათელი ვიზუალიზაცია იმისა, რომ ამ ქვეყანაში პარლამენტი, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუცია მიტაცებულია, არის ეს რკინის ჯებირი, რომელიც თვეებია აქ არის. სამარცხვინოა, რომ ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს დღეს იცავს რკინის ჯებირი და პოლიცია, რომელიც დღეს მიტაცებული და ჯიბეში ჩადებულია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.











