გეგმაზომიერად ხორციელდება შეზღუდვების მოხსნა. ქვეყნის შიგნით თითქმის მოიხსნა ყველა შეზღუდვა, დარჩა სულ რამოდენიმე და ახლა დადგა ფრენების განახლების და საერთაშორისო მიმოსვლის გახსნა დღის წესრიგში, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.
მისი თქმით, ყველა შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის საერთაშორისო ფრენების აღდგენა ან საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გახსნა, გარკვეულ რისკებს შეიცავს.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ავიამიმოსვლა უნდა აღდგეს იმ ქვეყნებთან, სადაც „საქართველოსავით მშვიდი თუ არა, მართვადი ეპიდსიტუაციაა“.
„ამას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმიტომ, რომ საქართველოშია ძალიან მშვიდი ეპიდსიტუაციაა. სულ ერთნიშნა რიცხვით განისაზღვრება ახალი შემთხვევები და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ევროპასა და მსოფლიოში, თორემ ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილში შემთხვევები არ იკლებს, ზოგიერთ შემთხვევაში იმატებს კიდევ. მაგალითად ამერიკაში ბოლო დღეებში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი, თუ არ ვცდები 60 ათასი.
მართალია საქართველო შეიყვანეს იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელიც უსაფრთხოა და რეკომენდაციები გასცეს, რომ უფრო საიმედო ქვეყანაა და მასთან მიმოსვლა შეიძლება, თუმცა ჩვენ ჩვენი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, თანდათანობით უნდა დავიწყოთ გახსნა იმ ქვეყნებთან სადაც, საქართველოსავით მშვიდი თუ არა, მართვადია ეპიდსიტუაცია და საიდანაც შემოსული მოქალაქეების, ტურისტების ნაკადი ქმნის მინიმალურ რისკს. ნებისმიერ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა მაინც რისკია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძე განმარტავს, თუ რატომ არ შეიცავს საფრთხეს ისეთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა, სადაც ეპიდსიტუაციამ პიკს მიაღწია.
„ესპანეთში ძალიან რთული ვითარება იყო. ერთი პერიოდი იტალია, ესპანეთი საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ლიდერობდნენ ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობით. რა თქმა უნდა შეიძლება შეიცავდეს რისკს, მაგრამ რა გაითვალისწინეს [საქართველოს მთავრობამ] არა ის, თუ როგორი იყო სიტუაცია, არამედ ახლა რა მდგომარეობაა. ესპანეთში ყოველდღიურად ფიქსირდება შემთხვევების კლება, ე.ი. საფრთხე იმისა, რომ ესპანეთიდან კოვიდინფიცირებულები შემოვლენ, ნაკლებია ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ახლა ფიქსირდება მატება.
ახლა რომ ავიღოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სომხეთი აზერბაიჯანი რუსეთი, თურქეთი, თუნდაც უკრაინა, ირანი ყაზახეთი, იქ დღეს მატება ფიქსირდება“, – აღნიშნავს ცერცვაძე.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სწორი ქვეყნები შეარჩია, ვისთანაც საზღვრები გახსნა, ვინაიდან ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ესპანეთი და საფრანგეთი, საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია.
„მიმაჩნია, რომ ესპანეთი საფრანგეთი და ის ქვეყნები რომელიც შეარჩია საქართველოს მთავრობამ, პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა სრულიად უსაფრთხო არაფერი არ არის.
კიდევ გაითვალისწინეს რომელ ქვეყანასთან გახსნა საზღვრები არის მნიშვნელოვანი, თუნდაც ეკონომიკის და ტურიზმის თვალსაზრისით.
საფრანგეთი და ესპანეთი დიდი ქვეყნებია და ამ ქვეყნებში საქართველოდან წამსვლელთა მსურველიც ბევრია და იქედან ჩამომსვლელთა მსურველიც. იქედან ჩამოსულმა ტურისტულმა ნაკადებმა შეიძლება ხელშესახები შედეგი გამოიღოს ეკონომიკის კუთხით.
ჩვენ რომ გავხსნათ საზღვრები ისეთ ქვეყნებთან საიდანაც ტურისტების მინიმალური რაოდენობა შემოდის ეს ეკონომიკას დიდად ვერ წაადგება და ამ მინიმალურმა რაოდენობამაც ცუდი შედეგი გამოიღოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის მუშაობის ახალი წესები მიღებულია











