ეკატერინე ტიკარაძე მასსა და ამირან გამყრელიძის შორის უთანხმოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, ამის შესახებ მან „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„წინა ჩართვაში, როცა მკითხეს, არსებობს თუ არა უთანხმოება ჩემსა და ბატონ ამირან გამყრელიძეს შორის, მინდოდა მეკითხა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ჩვენ შორის უთანხმოების საბაბი. თქვენ კითხვაში მე ამოვიკითხე, რომ თურმე, ეს საბაბი შეიძლება იყოს ნიკა გამყრელიძე. მინდა, ვთქვა, რომ ნიკა გამყრელიძე არ არის ჩემსა და ბატონ ამირანს შორის უთანხმოების საბაბი, ვინაიდან ჩვენ შორის უთანხმოება არ არსებობს. ბატონი ნიკოლოზი და ბატონი ამირანი ალბათ, ოჯახში გაარკვევენ იმას, თუ რა განცხადებას აკეთებს ნიკოლოზი და რას თვლის ბატონი ამირანი საჭიროდ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სამთავრობო გუნდმა, ვინაიდან ისიც არის საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც უკვე ერთი წელია, სამთავრობო გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.











