„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ბოკოვი მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მას საქართველოში თანამზრახველები ჰყავდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
,,ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, შესაბამისად მას თანამზრახველი აუცილებლად ეყოლებოდა.
მე რა ინფორმაციაც მქონდა მივაწოდე საგამოძიებო ორგანოებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით. ჩემი ინფორმაციით დიდი ხანი მომდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა. ერთი ადამიანის თუ რამდენიმე ადამიანის მიერ ეს მე არ ვიცი. შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებიც კი იყვნენ არ ვიცი“, – ამბობს ნიკა გვარამია.
დღეს ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.
მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.
16 ივნისს, კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დავალებებს „ყოველთვის ასრულებენ“. მისივე თქმით, გაბუნიამ მას და მთელს რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.










