ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” საქმეზე ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა.
მოსამართლეს შუამდგომლობით დღეს დაცვის მხარემ მიმართა და საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასების დართვა მოსთხოვა, თუმცა, მოსამართლემ გვარამიას ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„რეალურად ვიყავი მოსული იმიტომ, რომ მეშუამდგომლა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დასკვნის დართვის შესახებ. სამწუხაროდ ამაზე უარი მივიღე. კიდევ არის ორი დასკვნა ამ საქმეში. ასევე ორივე არაჩვეულებრივი – ადამიანის უფლებათა ცენტრის და რაც მთავარია, სახალხო დამცველის, რომელიც ახლა მოხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პროკურორის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი შეფასება დარღვევით იყო წარმოდგენილი.
„მხარემ წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაციის სამართლებრივი შეფასება ნიკა გვარამიას და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გარკვეული პროცესუალური დარღვევით იქნა წარმოდგენილი და შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და შესაბამისად, ეს მოსაზრება არ დაერთო სისხლის სამართლის საქმეს,” – აღნიშნა პროკურორმა.










