ჩვენ არ უნდა ავყვეთ დესტრუქციული დღის წესრიგით ცხოვრების რეჟიმს და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სახელმწიფოებრივი და ეს გადაწყვეტილება არის სავალდებულო, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ოპოზიციის დამოკიდებულება ნიკა მელიას საკითხთან მიმართებაში გასაგებია. ეს იყო მათი დღის წესრიგი, ეს გახლავთ მათი დესტრუქციული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ არ უნდა ავყვეთ დესტრუქციული დღის წესრიგით ცხოვრების რეჟიმს და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სახელმწიფოებრივი და ეს გადაწყვეტილება არის სავალდებულო. პარლამენტმა სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არ გადავარდეს პოლიტიკურ მორევში. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური უფლებაა, რომ კანონის აღსრულება უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, კანონმდებელი უნდა იცავდეს პირველ რიგში ამ უფლებას. დღეს ნიკა მელიამ ფაქტობრივად, სამართლებრივ სახელმწიფოზე გალაშქვრა დააპირა და აქ რა თქმა უნდა, პარლამენტი იქნება თავის გადაწყვეტილებაში მყარი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისათვის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ინფორმაცია, რომ „სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ, თუკი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს“.
ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.
მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღევანდელ სესიაზე გადის.










