თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურა მისთვის შეფარდებული გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას სამაჯურის მოხსნის გამო 70 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
ასევე, დამატებითი ღონისძიების სახით მელიას აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.
ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს გადახდას არ აპირებს. თავად მელია სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით დღეს მიმართა.
2019 წლის 3 ივლისს ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველ ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოიხსნა.
გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.










