„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და გამომძიებელი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდნენ.
უწყებაში მათთან ერთად იმყოფება მათი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.
ჟურნალისტები დღეს შსს-ში სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე, ხოლო ხვალ, 16 მარტს ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული აუდიოჩანაწერის საქმეზე არიან დაბარებულები.
შეგახსენებთ, 6 მარტს „ნოდარ მელაძის შაბათმა” ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც, როგორც თავად ამბობენ, დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ბერა ივანიშვილი ოჯახის შეურაცხყოფის გამო არასრულწლოვნის დასჯას უკვეთავს.
პროკურატურამ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება უკანონო მიყურადებისა და ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების კუთხით 9 მარტს დაიწყო.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან მამალაძემ ინფორმაცია გაავრცელა, ჟურნალისტების შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ.
მისი თქმით, ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციას გეგმავენ.











