„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს.
როგორც მისი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, პროკურატურას შეატყობინეს, რომ უწყებაში მისვლას და ჩვენების მიცემას არ აპირებენ.
„ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე არ აპირებენ პროკურატურაში მისვლას და გამოკითხვაში მონაწილეობას მათ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ პროკურატურა ინფორმირებულია ჩემს მიერ.
სამწუხაროა, რომ პროკურატურა თავად აუდიო ჩანაწერით აქამდე არ დაინტერესებულა, რომლის გადაცემის მზაობას ვაცხადებდით და ვაცხადებთ“,- ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
ცნობისთვის, გუშინ, 15 მარტს ჟურნალისტი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც მისი და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.











