შინაგან საქმეთა სამინისტროში „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძისა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დასრულდა. მელაძის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, 16 მარტს პროკურატურაშია დაბარებული.
„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობათა საქმეთა გამოძიების სამსახურს ამ დროისთვის გააჩნია ერთადერთი მტკიცებულება საქმეში და ეს არის მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ლევან მამალაძის გაკეთებული განცხადებები. სხვა მტკიცებულებები საქმეში არ არის, ეს განგვიცხადა დღეს გამომძიებელმა, რომელთანაც გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენი პოზიცია არის, რომ ასეთ საქმეებზე სწორია, თუ მოხდება გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით და ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ასევე, იყო კომუნიკაცია ბერა ივანიშვილის პირადი მცველის მიერ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით ჩემი ოჯახის მისამართით. აღმოჩნდა, რომ შსს-ს გამოძიება ამ საქმეზე არ დაუწყია, ალბათ ცინიკური დამოკიდებულებაა მათი მხრიდან, აქ წარმოდგენილი იყო გამომძიებელი თბილისის პოლიციის სამმართველოდან, რომელიც ძალიან მკაფიო მუქარას, რომელიც ისახავდა განზრახვას ჩემი ოჯახის წევრების წამებასთან დაკავშირებით, გამომძიებელმა მითხრა, რომ გამოძიება არ დაუწყია და სანამ გამოძიებას დაიწყებდნენ, აინტერესებდათ, მე ეს მუქარად აღვიქვი თუ შეურცხყოფად, როდესაც წარმოდგენილი იყო კონკრეტულად მუქარა“, – განაცხადა მელაძემ.
ხვალ ვარ დაბარებული გამოკითხვაზე მე, გამოვცხადდები პროკურატურაში, საორიენტაციო დრო არის 11:00 საათი, თუმცა შესაძლოა ეს ადვოკატის და პროკურორის კომუნიკაციის საფუძველზე შეიცვალოს. წყაროს არ დავასახელებ, სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს წყარო, მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, არ დავასახელო წყარო და არ მივაწოდო საგამოძიებო უწყებას არცერთი მასალა, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში“, – განაცხადა მელაძემ.










