ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს არ ჰქონიათ შეხება ინფიცირებულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავიდოდნენ თვითიზოლაციაში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე არის ნიმუში და მაგალითი მაღალი პასუხისმგებლობის.
„ბატონი მამუკა და ბატონი ირაკლი რომ ყოფილიყვნენ შემხებლობაში, ისინი რა თქმა უნდა არ გაურბიან მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და გადავიდოდნენ თვითიზოლაციაში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იმყოფებოდა შემხებლობაში, როგორც კანონმდებლობით არის მოთხოვნილი, გადავა ან უკვე გადასულია თვითიზოლაციაში. ჩვენთვის რა თქმა უნდა, უმთავრესია კანონის დაცვა. ამიტომ „ქართული ოცნების“ ყველა წევრი, თანამშრომელი დაიცავს კანონს და თუკი ვინმე იყო შემხებლობაში, ყველა გადავა ან უკვე გადასულია თვითიზოლაციაში.
დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პარტიის პრესსამსახურს. მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. კანონმდებლობით რაც არის მოთხოვნილი, ამ შემთხვევაში ყველა საჭირო ღონისძიებაა გატარებული, საჭირო ზომაა მიღებული, რათა კანონის შესაბამისად ვუზრუნველყოთ დაცულობა ჩვენი მოქალაქეების, პარტიაში მყოფი ადამიანების. ეს არის უზრუნველყოფილი. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბატონ ირაკლი კობახიძეს და ბატონ მამუკა მდინარაძეს არ ჰქონიათ შემხებლობა კონკრეტულ პირთან. ამიტომ არ გამხდარა მათი თვითიზოლაციაში გადაყვანის საფუძველი, როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.











