ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით რეინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „აფსადგილ ინფო” წერს.
დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი ექიმის, ლუდმილა სკორიკის ინფორმაციით, 16 წლის გოგონამ მსუბუქი ჩივილებით – ყნოსვის დაკარგვით და მცირე ტემპერატურით, საავადმყოფოს თავდაპირველად მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მიმართა. უკვე 8 ოქტომბერს კი უკვე კორონავირუსი დაუდასტურდა. 14 დღის შემდეგ, განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი უჩვენა. ეს პერიოდი ინფიცირებულმა სახლში, თვითიზოლაციაში გაატარა და მედიკამენტოზური მკურნალობა არ დასჭირვებია.
„15 დეკემბერს გოგონას კორონავირუსის სიმპტომები ისევ გამოუვლინდა და იძულებული გახდა ექიმებისთვის მიემართა. განმეორებითმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ის ხელახლაა ინფიცირებული კორონავირუსით. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობს”, – აღნიშნა მან.
ე.წ. შტაბის ინფორმაციით,აფხაზეთში ჯამში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 8011 შემთხვევა.
6173 პირი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მსოფლიოში რეინფიცირების 31 შემთხვევა დაფიქსირდა.


ავტორი: თეა შონია











