ოკუპირებულ გალის რაიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსული „სპუტნიკით“ დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია „გალ ტვ“ იუწყება.
გალის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ასტამურ გამგიას თქმით, პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს ინტერნეტით ვრცელდება რუსული ვაქცინის საწინააღმდეგო ინფორმაციები, რაც საბოლოოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანების ნდობაზე. თუმცა, თავად ირწმუნება, რომ ვაქცინაციის შემდეგ, დაინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი უფრო ადვილად დაძლევს ვირუსს.
ვაქცინაცია გალში ყოველ დღე არ ჩატარდება. ასტამურ გამგიამ განმარტა, რომ შედგება წინასწარ მსურველთა სია და აცრის დღე განისაზღვრება.
მანვე მოუწოდა ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინაციის პირველ დღეს, „სპუტნიკით” გალში 4 მედიკოსი აიცრა. პროცესმა, ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, გართულებების გარეშე ჩაიარა.
ექიმ-თერაპევტის, ნინო ჭედიას თქმით, ვაქცინაციამდე მისმა კოლეგებმა ანტისხეულები გამოიკვლიეს და სისხლის საერთო ანალიზი ჩაიტარეს.
ავტორი: თეა შონია











