ოკუპირებული აფხაზეთიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონა ანასტასია აბაშია, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს.
ქვეითად მიმავალ ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა.
მეზობლების ინფორმაციით,გოგონას ოჯახი პირველ გალში ცხოვრობს და იგი პურის საყიდლად მიდიოდა,რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.
ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოყვანილ ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას განცხადებით, 9 წლის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გოგონას სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.
“ბავშვი სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია საოპერაციო ბლოკში. მას აქვს ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ქალა ფუძის მოტეხილობა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა”, – ამბობს საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.
ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია, იგი სოხუმში გადაიყვანეს.
ავტორი: თეა შონია











