„ომი არ დაიწყებოდა, რომ არა თურქეთის მზაობა იმის შესახებ, რომ მასში მიეღო მონაწილეობა“,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, თურქეთი ახლაც განაგრძობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობას.
„ცალსახად, ეს ომი არ დაიწყებოდა, თურქეთს რომ არ ეჩვენებინა საკუთარი მზაობა, სრულად მიეღო მასში მონაწილეობა და შედეგად, თურქეთი სრულად არ ყოფილიყო მასში ჩართული. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო სწავლების გაგრძელება.
თურქეთი ახლაც განაგრძობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობას. ეს თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ცხადყოფს. ეს თურქეთის იმპერიის აღდგენაზე მიმართული პოლიტიკაა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის იბრძვიან, რომელიც დიდი ხნის განამვლობაში სადავო იყო. იგი აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ კონტროლდება ეთნიკური სომხების მიერ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს ყველაზე სისხლიანი შეტაკებებია ამ რეგიონში.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიძაბა.











