ოპოზიცია რომ არ ემზადებოდა ამ არჩევნებისთვის, სახეზეა – კანდიდატებს ან ვერ პოულობენ, ან ოჯახის წევრებს ასახელებენ, ეს ბუნებრივია, აუცილებლად უარყოფითად აისახება მათ საარჩევნო შედეგებზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პოლიტიკურ პარტიებს ვერ ექნებათ ვერანაირი პერსპექტივა მანამ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა” იტყვის, რომ მეორე პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში. ამ პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი არის ცნობილი საერთაშორისო დონეზე, სავიზიტო ბარათი აქვს გადაცემული, როგორც სისტემური დანაშაულის მქონე პოლიტიკურ ძალას და ქვეყნის შიგნითაც მიღებულია უარყოფითი გადაწყვეტილება ამ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სხვა პოლიტიკური ძალები სანამ ამ ბარიერს ვერ გადალახავენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, ყოველთვის იქნებიან ასეთ სიტუაციაში, პერსპექტივა არ ექნებათ არც პარლამენტში, არც საკრებულოში.
ძალიან მცირეა მათი შანსები, შეიძლება სადღაც საკრებულოში ერთი ან ორი წევრი შეიყვანონ, მაგრამ ეს ამინდს ვერ შექმნის. ვერ განვითარდებიან, სანამ ასეთ პოლიტიკურ ლაბირინთში ამყოფებს მათ ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალა და ვერ გაითავისებენ იმას, რომ ან გაერთიანდნენ ან შეცვალონ სტრატეგია და გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.









