კახა კუჭავა არის უფრო ნეიტრალური პოლიტიკურად. შესაბამისად, მისი კანდიდატურა არის უფრო სწორი, რასაც ვეთანხმებით, იმას მხარი რატომ არ უნდა დავუჭიროთ?!, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად კახა კუჭავას დასახელებაზე განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, მალე პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი შემოვა და “პარლამენტი ადუღდება”.
„ხვალიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა, შემდეგ ალბათ, კიდევ ერთი ნაწილი შემოვა. ძალიან ადუღდება პარლამენტი, იქ სპიკერი და თავმჯდომარე თუ იქნება უფრო ნეიტრალური ადამიანი, საქმისთვის კარგია, თუ ეს მიზეზი ასეა. უფრო მიდრეკილი ვარ, რომ ეს ასეა. სხვა რამე ვერსია სიმართლესთან ახლოს მყოფი არ გამიგია. კუჭავას საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს. ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკაში აქამდე დამკვიდრებული წესები შევცვალოთ – რასაც ვეთანხმებით, იმას დავუჭერთ მხარს, არ ვიკეკლუცებთ იმით, რომ რადგან ოპოზიციაში ვართ, მხარი არ უნდა დავუჭიროთ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ უფრო პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა არის სწორი. კახა კუჭავა არის უფრო ნეიტრალური პოლიტიკურად. შესაბამისად, მისი კანდიდატურა არის უფრო სწორი, რასაც ვეთანხმებით, იმას მხარი რატომ არ უნდა დავუჭიროთ?!”, – განაცხადა ელისაშვილმა.











