„ქართულმა ოცნებამ წარუმატებლობის ფორმულა წარადგინა ადამიანების სახით“, – ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე, მმართველი გუნდის მაჟორიტარ კანდიდატებს.
მისი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატებს რვა წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ.
„ეს ხომ ის ხალხია, რომლებმაც რვა წლის განმავლობაში არაფერი გააკეთეს. ეს არის „ქართული ოცნების” სახე, რომლის მთავარი მახასიათებელია ერთი რამ – უსიტყვო მორჩილება ბატონისადმი. თუ გინდა რაიმეს მიაღწიო „ქართული ოცნების” კარზე უნდა იყო უსიტყვოდ მორჩილი. არ იქნები მორჩილი, გაიზიარებ იმ ადამიანების ბედს, რომლებიც გაყარეს „ქართული ოცნებიდან”.
ამ შემადგენლობაში მორჩილების ხარისხი უკვე ცაშია ასული. ეს არ არის ის გუნდი, რომელიც რაიმე სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ არ ჰყოფნით ცოდნა, კომპეტენცია და არ არიან დამოუკიდებლები. ერთი ადამიანის მორჩილი გუნდით შეუძლებელია ქვეყანამ დაძლიოს ის უმძიმესი პრობლემები, რაც ამ რვა წლის განმავლობაში შეიქმნა”, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.










