„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრი ილია ნაკაშიძე „პრაიმტაიმნიუსთან“ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის შესახებ საუბრობს. როგორც ნაკაშიძე აცხადებს, სიაში მოქმედი მაჟორიტარებიც იქნებიან, თუმცა ვინ? – აღარ აკონკრეტებს.
„საბოლოო სია ჯერ არ არსებობს. საბოლოო სია პოლიტსაბჭოს სხდომაზე დამტკიცდება. სიაში მოქმედი მაჟორიტარებიც იქნებიან, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, რა პროპორციით. ეს მრავალმხრივი პროცესშია. სიაში ახალ სახეებსაც ვითვალისწინებთ.
როდესაც მაჟორიტარებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რამდენად ცნობადია პიროვნება, რამდენად საზოგადოებრივად და სახელმწიფოებრივად არის ორიენტირებული, რამდენად აქვს გამოცდილება, რომ ამ რთულ ცხოვრებაში მოსახლეობას გამოადგეს და რამდენად არის გულწრფელი – ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ და ახლაც კანდიდატების ძიების პროცესში ვართ”,- განაცხადა ნაკაშიძემ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები ყოფილი მინისტრები დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი იქნებიან. ამ ინფორმაციას, “პრაიმტაიმნიუსთან” ყოფილი მინისტრები, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციულ სიაში შესული დეპუტატი შევა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











