“ქართული ოცნების” უპასუხისმგებლო ნაბიჯების გამო ქვეყანა იღებს ზიანს, ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ- ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ჩამოდის ბათუმში სამი ქვეყნის პრეზიდენტთან შესახვედრად, ეს არის შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ პრეზიდენტ მიშელს მადლობა იმისთვის, რომ მისი მედიაციით მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ამავდროულად ვუთხრათ, რომ “ქართული ოცნება” არღვევს შეთანხმებას. შეფასება არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის და აშშ-ის მხრიდან.
ასე რომ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა შეფასებაში, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაარღვია უხეშად შეთანხმება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში და ურცხვად იტყუება, როცა ამბობს, რომ რაღაც ზეპირი შეთანხმება ჰქონდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებთან და ის ზეპირი შეთანხმება მათ ზედმიწევნით შეასრულეს. უნდა ვამხილოთ კვლავ “ქართული ოცნება”, მედიატორი აბსოლუტურად ადეკვატურად უპასუხებს ასეთ გამოწვევას, რაც მოდის “ქართული ოცნების” მხრიდან,”- განაცხადა ჯაფარიძემ.










