„გაერთიანებული ოპოზიციის“ 39-მდე საჩივარი კომისიამ განუხილველად დატოვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ბერდია ლომიძემ ეს იმით ახსნა, რომ საჩივრებს რწმუნებულება არ ახლდა პარტიიდან, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სისულელეს და მორიგ უკანონობას უწოდებენ.
კომისიამ, თავიანთი წევრის, მზია წერეთლის წინადადებას, სადაც საეჭვო საარჩევნო უბნების საჩივრებია, ხმის გადათვლის საკითხის შეტანას მხარი არ დაუჭირა.
ოზურგეთის საოლქო კომისიამ, საიას სარჩელის საფუძველზე, ბოხვაურის საუბნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს საყვედური გამოუცხადა, მიზეზი გადასასწორებელი ოქმია.
მელექედურის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, კომისიამ გაფრთხილება მისცა, ოქმში ერთ-ერთი სუბიექტის ხმების გადასწორების გამო.
მთისპირის კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს გაფრთხილება გასწორებული ოქმის არასწორად შევსების გამო მისცეს.
კომისიამ უარი უთხრა საიას, რომელიც ამ უბანში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.
73 ბათილიანი ბიულეტენიდან, 70 ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული ბიულეტენი აღმოჩნდა. რაც ოპოზიციას საფუძველს აძლევს ივარაუდონ, რომ ამ ბიულეტენების გამზადება მოახდინეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, მაგრამ მისი ყუთში ჩაყრა ვერ მოასწრეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, მანუჩარ კვირკველიამ გაიმარჯვა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











