პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ვადა 21 ნოემბერია. ამასთან ერთად, თუკი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ცესკოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა მოუწევს – ამ შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმის მიღების უკიდურესი ვადა 10 დეკემბერია.
პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება და მეორე ტური იმ შემთხვევაში ინიშნება, თუკი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.
„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან მესამე შაბათს. მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი იღებს მონაწილეობას.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუკი კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, ხელახალი არჩევნები იმართება.











