პატარა პარტიების ამომრჩეველი იმედგაცრუებულია, – ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, პატარა პარტიები “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგით მოქმედებენ.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩევლები, ვინც მხარი დაუჭირა პატარა პარტიებს, იმედგაცრუებული არიან, რადგან აღმოაჩინეს, რომ მხარი დაუჭერიათ ნაციონალური მოძრაობისთვის და არა ამ პატარა პარტიებისთვის. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა ახერხებს, საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ატაროს ეს პატარა პარტიები, მაგრამ ამ პარტიებს ჯერ კიდევ მოუწევთ ტესტის ჩაბარება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას დაკარგავენ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობენ და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.









