სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას, რომელიც მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს, ყარაბაღთან დაკავშირებულ დოკუმენტზე უარის შემთხვევაში თანმდევ პროცესებზე დაფიქრებისკენ მოუწოდა.
„შეგვიძლია დავხიოთ დოკუმენტი, მაგრამ წარმოდგენა უნდა ვიქონიოთ თანმდევ პროცესებზე. ეს ჩვენ დაგვაბრუნებს სიტუაციაში, როცა მასზე ხელს ვაწერდი“ – თქვა ფაშინიანმა და ხელშეკრულებას უწოდა დოკუმენტი ტერიტორიის არა დათმობის, არამედ შენარჩუნების.
მისი თქმით, ყარაბაღის სამმხრივი ხელშეკრულება არ ეხება საკითხის პოლიტიკურ დარეგულირებას და სომხეთმა მას ხელი „საბრძოლო მოქმედებების ოპერატიული მართვის“ ლოგიკით მოაწერა.
რაც შეეხება მისი გადადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავარია ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება.
ერევანში უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს და ფაშინიანის გადადგომას ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გამო ითხოვს.











