ცალსახად, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა.
მისი თქმით, პირბადის ტარება მანამდე იქნება სავალდებულო, სანამ საქართველოში და მთელს მსოფლიოში ეპიდსიტუაცია არ გაუმჯობესდება.
„პირბადეების ტარება სავალდებულო უნდა დარჩეს იქ, სადაც გაწერილია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით, ანუ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მანამ, სანამ, მინიმუმ ჩვენ ირგვლივ რეგიონსა და მაქსიმუმ მთელ მსოფლიოში არ იქნება ეპიდემიის ისეთი დაღმავალი ტალღა, როგორიც საქართველოშია. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ პირბადის ტარება ეფექტურია ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა.
პირბადის გამოუყენებლობისთვის, მოქალაქე 20 ლარიანი, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.











