“ჩვენ პირდაპირ ვუთხარით აპატურაის, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების მშენელობლობა საქართველოში პრაქტიკულად შეჩერებულია, პირიქით, ჩვენ გვაქვს ანტიდემოკრატიული ტენდენციების გამოვლინებები”,- ამის შესახებ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა აპატურაიმ, რომ ქართველ ხალხს გაკეთებული აქვს ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების ნაწილი. ეს არჩევანი არ იცვლება მიუხედავად გარკვეული იმედგაცრუებისა, რომ ჩვენ მეტი მოლოდინი გვაქვს ინტეგრირების სისწრაფის კუთხით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ და ჩვენ პირდაპირ ვუთხარით აპატურაის, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობა საქართველოში პრაქტიკულად შეჩერებულია, პირიქით, ჩვენ გვაქვს ანტიდემოკრატიული ტენდენციების გამოვლინებები.
ამასთან, ახლა რა გამოწვევაც გვაქვს, ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელების გზაზე შექმნილი დაბრკოლება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც ეხება მართლმსაჯულების რეფორმას და იმის მიუხედავად, რომ არამხოლოდ ოპოზიციური პარტიები ვამბობთ, შავით-თეთრზე წერია, რომ უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, სანამ არ მოხდება მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების განხორციელება და კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება, „ქართული ოცნება“ ჯიუტად აგრძელებს ამ პროცესს. ამ საკითხზე აბსოლუტურად ერთ პოზიციაზე ვართ როგორც ოპოზიცია, ასევე, მოდერატორები. ერთადერთი მხარე არის “ქართული ოცნება”, რომელიც ახდენს თავის ინტერპრეტირებას იმის, რაც შავით თეთრზე წერია და ამასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან ღია საუბარი ჯეიმს აპატურაისთან,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.










