fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

14 არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობას მიმართავს

10:31 ოქტომბერი 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
872
ნახვა

14 არასამთავრობო ორგანიზაცია დავით გარეჯის საქმეზე მიმართვას აქვეყნებს, საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულგამოძიებას უწოდებს და „კარტოგრაფების საქმედ“ მოიხსენიებს. გთავაზობთ მესამე სექტორის განცხადებას უცვლელად:

„7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. მათ ბრალად  საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება ედებათ (სისხლის სამართლის 308-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.

გამოძიება 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იყო, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა გარკვეული დოკუმენტაციის იგნორირება და მათი გვერდის ავლით საზღვრის გარკვეული მონაკვეთების ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმება.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულები კომისიის საქმიანობისას არ დაეყრდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკას, რის გამოც საქართველოს ისტორიული ტერიტორიიების დაკარგვის საფრთხე დადგა.

ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად  მოტივირებულია. მისი განმარტებით 1937-1938 წლებში 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ იგი იყო ხარვეზიანი. კერძოდ, რუკის ერთი და იმავე ელემენტების (რკინიგზა, ხიდი, კვეთა, მდინარე, ხრამი, და ა.შ.) სხვა რუკებთან შედარებისას, ცდომილება დაახლოებით 240-300 მეტრი იყო. ამ ხარვეზის გამო, რუკის გამოყენება კომისიის საქმიანობისათვის გამოუსედეგარი იყო და იგი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ გამოუყენებიათ. მისი განმარტებით, „განსხვავებულად მოაზროვნე პირებმა“ ჩათვალეს, რომ ამ რუკის გამოყენების გზით საქართველო უფრო მეტ ტერიტორიას მიიღებდა, თუმცა მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტი, რომ რუკა ხარვეზიანი იყო და მისი გამოყენება ვერ მოხდებოდა.

პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მოტივი გამოძიებისათვის დაუდგენელი იყო. მანვე განაცხადა, რომ გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ვერსიაზეც მუშაობს.

პროკურორმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბრალდებულების დაკავება საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება და დაჩქარებული წესით წარმოებული გამოძიება საქმის პრიორიტეტულობის გამო მოხდა. თუმცა საყურადღებოა, რომ  სასამართლო სხდომა, დაკავების მეორე დღესვე ჩაინიშნა, რითაც ფაქტობრივად შეილახა დაცვის მხარის უფლება სრულყოფილად გაცნობოდა საქმის მასალებს. აღსანიშნავია, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია და იგი 7 ტომისგან შედგება.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია რამდენიმე მიზეზის გამო:

გამოძიების დაწყების დრო: გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე. მსგავსი საკითხების წამოწევა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია მიმართული იყოს ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ. ასეთ ქმედებებს მმართველი პარტია ადრეც ხშირად მიმართავდა წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, ამ ტიპის გახმაურებულ საქმეებს შორის იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ბიზნესმენ  ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება. ამ საქმეებზე პოლიტიკოსებისა და ოფიციალური უწყებების საჯარო განცხადებები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლების მთავარი ინტერესი არა საქმის გამოძიება, არამედ ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მიყენება იყო.

მმართველი პარტიის გამოხმაურება: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმდინარე საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, გააკეთეს პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები. სამწუხაროდ აღნიშნული განცხადებები იმ დროს გაკეთდა, როდესაც დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად არც კი ჰქონდათ წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს არ ჰქონდა ნამსჯელი.

შერჩევითი მიდგომები გამოძიების პროცესში: პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება კომისიის  საქმიანობის 2005 – 2007 წლების პერიოდს შეეხება.  იმის მიუხედავად, რომ 2005 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ამ დრომდე არ არის გამოკითხული. ივერი მელაშვილის განმარტებით, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და კომისიის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ხდებოდა. კომისიის საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო სალომე ზურაბიშვილისთვისაც. სხვადასხვა უწყების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები  ასევე წარმოდგენილები იყვნენ კომისიაში.

გამოძიების წინასაარჩევნო კონტექსტთან ერთად, ასევე საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა.  მედიის ინფორმაციით, ეს დოკუმენტები მან რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის მიერ 11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რითაც ის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. “პატრიოტთა ალიანსის” რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა, „დოსიე“ მიუთითებდა, თუმცა პროკურატურამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება არც კი დაიწყო.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება;

შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში  რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი;

უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა;

საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე;

საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი  პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს,“- წერია არასამთავრობოების საერთო განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

საზოგადოება და ბანკები

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს გაეროს ასოციაცია

თეგები: დავით გარეჯის საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა ხელახლა იწყება​

ოქტომბერი 13, 2021
868
მთავარი ამბავი

განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება – ირაკლი ღარიბაშვილი

მაისი 5, 2021
837
პოლიტიკა

დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება

მაისი 5, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია