პოლიციამ მარტვილში ადმინისტრაციული წესით ექვსი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხუთი პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტრის ტერიტორიაზე დღეს დილიდან ხმაური იყო. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რომლებიც მონასტრის ეზოში შესვლას ცდილობდნენ.











