უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია, რამდენად სჭირდება ქვეყანას ამ ეტაპზე სესხის აღება.
ამის შესახებ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„2 კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ. ერთი ის, რომ ევროკავშირის მხრიდან რა წინაპირობებიც იყო დაყენებული სესხის მისაღებად, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებულია. რაც შეეხება სესხის აღებას და ფინანსურ საჭიროებას ქვეყნისთვის, ამას წყვეტს საქართველოს მთავრობა, რადგან მას გააჩნია ამის ვალდებულებაც, უფლებამოსილებაც და რესურსი, სად რომელი ფინანსური ოპერაცია ჩაატაროს ან არ ჩაატაროს, ამიტომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რამდენად იყო სწორი ნაბიჯი სესხის აღება.
გასაგებია, რომ პრეზიდენტმა გარკვეული კითხვები დასვა ამ მიმართულებით, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც ვიცით, არ გააჩნია ის რესურსი, რომ სწორი ეკონომიკური და ფინანსური ინფორმაცია ჰქონდეს, ამ შემთხვევაში რამდენად იქნებოდა სწორი ქვეყნისთვის ამ სესხის აღება, მისი კითხვაც ალბათ, აქედან გამომდინარეობს, რომ ამ ინსტიტუციას ასეთი ინფორმაცია ვერ ექნება,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარს გაუგებარ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს.










