რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლა რომ ნდომებოდა, გერმანიაში სამკურნალოდ არ გაუშვებდნენ.
მისივე თქმით, რუსეთს თავადაც შეეძლო ინციდენტის გარემოებები გამოეძიებინა, მაგრამ პარტნიორები მას მონაცემებს არ აწვდიან.
„ჩვენ ვეუბნებოდით, მოგვეცით ბიოლოგიური მასალა და ოფიციალური დასკვნა, რათა ჩვენი მხრიდან გამოგვეძიებინა საქმე, რათა გვქონდეს იურიდიულ-ფორმალური საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად, მაგრამ არაფერს გვაძლევენ. ამას ახსნა არ აქვს“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.
22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული.
მოგვიანებით, ნავალნის გუნდმა სოციალური ქსელ Instagram-ზე განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ალექსეი ციმბირის ქალაქ ტომსკის სასტუმროს ოთახში მოწამლეს და არა აეროპორტში.











