საზღვის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის ოჯახი საგანგებო ბრიფინგზე, უსამართლობაზე საუბრობს. მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ „ქართულ ოცნებას“ ხმების მოპოვებისთვის დადგმულ სპექტაკლში ხელი შეუშალა, შედეგად, კი მელაშვილს ბრალდება წარუდგინეს.
„რაც ხდება უსამართლობაა. ეს ყველაფერი არ შეეხებოდა ჩემს მეუღლეს, რომ არ დაედგა „ქართულ ოცნებას“ დიდი სპექტაკლი, იმის საჩვენებლად რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და ვითომ გადაარჩინეს საქართველო – ამით ხმების მოპოვება სურთ. ეს სპექტაკლი ერთი და ორი დღის დადგმული არ არის.
ამის გამო, რომ კომისიის წევრები დაადანაშაულეს სამშობლოს ღალატში, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა, უაღრესად წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი ადამიანია. ის პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ფაქტიურად გამოვიდა, რომ ხელს უშლიდა სპექტაკლის განხორციელებაში, როცა მან თქვა, რომ არაფერი მომხდარა საქართველოს მიწების გადაცემის საწინააღმდეგოდ, ამიტომ განახორციელეს ამ ადამიანების მიმართ დაკავების ღონისძიება და ბრალდების წარდგენა.
ივერი რომ გაჩერებულიყო და ხმა არ ამოეღო, შეიძლება მერე შეეთავაზებინათ, რომ „ნაცომძრაობის“ საწინააღმდეგო განცხადება გაეკეთებინა.
კომისიაზე როცა ითქვა მოღალატეობრივი ქმედების შესახებ ბრალდება, მათ შორის სასულიერო პირებიც იყვნენ, ივერისთვის დიდი შეურაცხყოფა იყო. ჩვენ დიდი ფულის მიმართ მისწრაფება არასდროს გვქონია, ჩვენი სიმდიდრე ჩვენი პატიოსნება და ქვეყნის სიყვარულია. ასე რომ ცხოვრობ ადამიანი და ვიღაც მოღალატეობაში დაგდებს ბრალს, შენი ცხოვრების აზრს გაგიქარწყლებს, საზიზღრობაში დაგადანაშაულებს, ვერ მოითმენ და წინააღმდეგ წახვალ.
არ ვიცი კომისიის მაინცდამაინც ეს ორი წვერი (მელაშვილი, ილიჩოვა) დაადანაშაულეს, ალბათ იმიტომ რომ სხვებს თავიდან ხმა არ ამოუღიათ, ჩემმა მეუღლემ კი უარყო, რომ ასეთი რამ ხდებოდა – ამით ხელი შეუშალა სპექტაკლის განხორციელებაში, რითიც ხმების მოპოვება სურდათ და დააკავეს.”- განაცხადა ივერი მელაშვილის ცოლმა.











