უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ.
როგორც პაპუაშვილი ამბობს, ოპოზიციის მხრიდან ერთი თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პოლიტიკური სპეკულაციაა და მეტი არაფერი.
„სულ რამდენიმე დღეში ჩვენ უკვე გვეყოლება სულ მცირე ერთი დოზით აცრილი მილიონი ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 35%. არჩევნების დღისთვის კი, არსებული ტემპებით, ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 60% სულ მცირე ერთი დოზით იქნება აცრილი.
რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, აქ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ თავად პარტიებზეცაა. თავად ჩვენ, პარტიებმა, უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და უზრუნველვყოთ საარჩევნო კამპანიის უსაფრთხოდ ჩატარება. ეს იყო „ქართული ოცნების“ მიდგომა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას და ეს რჩება ჩვენ მიდგომად დღესაც. სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვგეგმავთ ჩვენს წინასაარჩევნო აქტივობებს და სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ათასობით აქტივისტთან, რათა ჩვენივე აქტივის გადაცდომებზე დროული და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ. სწორედ ამასვე მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს: ნაცვლად არჩევნების, როგორც ხალხის ძალაუფლების გამოხატვის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა, უზრუნველყავით თქვენი საარჩევნო კამპანიის ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის დაცვით ჩატარება. არჩევნები ჩატარდება, ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე გართულებული ეპიდვითარების გამო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის.
ამასთან, ცესკოს თავმდჯომარეს, ამბობს, რომ არჩევნები ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება და ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კენჭისყრის გადადების ან შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს.
არჩევნების გადადების რეკომენდაციას ჯერჯერობით არ გასცემს არც ჯანდაცვის სამინისტრო.











