ნიკა მელიას არ უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იოსელიანი აცხადებს, რომ “მოქალაქეებს” ნიკა მელიაცა და “ქართული ოცნებაც” ლანძღავს, მაგრამ ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ და თავისი დღის წესრიგი აქვთ.
„ერთი მხრივ „ქართული ოცნება“ გვლანძღავს შიგნით, მეორე მხრივ ნიკა მელია გვლანძღავს გარედან, მაგრამ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ იმას, რისიც გვჯერა, რაც სახელმწიფოებრივად სწორია. და სახელმწიფოებრივად სწორია დღეს, რომ ნიკა მელიას არ უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი და სახელმწიფოებრივად სწორია, რომ ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა მიგვეცა ხმა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, დღეს, 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.










