„სხვა შანსი არ ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ. არ წავიდოდნენ და მაინც გაუშვებდნენ“,- ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს აფასებს და ამბობს, რომ იმ დროსაც გაკეთდა კარგი საქმეები, თუმცა მათ საქმე მაინც „წასასვლელად გაიხადეს“. ამის შესახებ მეუფე იაკობმა ქადაგების შემდეგ ისაუბრა.
„ჩვენთან მარტო ადრე ჩატარდა წესიერი არჩევნები, დანარჩენი ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირად ტარდება. იმ არჩევნების შემოქმედები დღესაც სხვა პარტიებში არიან და თუ ვინმეს რამე შეუძლია, არავინ აკლებს ძალისხმევას. გაუშვეს ის მთავრობაც, მოვიდა შემდეგი – სააკაშვილის ხელისუფლება, იქაც იყო წარმატებები ის, რომ იმ პერიოდში სახელმწიფოებრიობა ყალიბდებოდა, მშენებლობებიც ბევრი ჰქონდათ.
ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, ქართველი ადამიანის ღირსებას შეეხნენ და წასასვლელები გახდნენ. კარგად ვიცი, როგორც იყო. სხვა შანსი არ ჰქონდათ, უნდა წასულიყვნენ. არ წავიდოდნენ და მაინც გაუშვებდნენ. მათზე დამოკიდებული არ იყო იმიტომ, რომ არ შეიძლება შენს ქვეყანაში ასეთი რაღაცები აკეთო, გარეთ, სამეზობლოში თუ ვისთანაც ურთიერთობა გინდა, არავის უსმენდე. ეს მე უცხოეთიდანაც ვიცი, ვინც მაშინ საქართველოსთან პოლიტიკას ქმნიდა და კიდევ ბევრ რამეს არ ვიტყვი, ძალიან ბევრი რამ ვიცი. შემდეგ მოვიდა ახალი ხელისუფლება და როგორც ყველა ახალ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ახალი იმედები გაჩნდა.
კარგი რაც მოხდა, იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, ენას უჩლიქავენ ყველანი და ვერ ამბობენ. მეორე ვადაში ყველას ჰგონია, რომ მარტო მათზეა დამოკიდებული, გეგონება ნოტარიუსით ჰქონდეს დამტკიცებული თავიანთი წინაპირებისგან. ხალხს და საქართველოს რაც სჭირდება, ის გვერდზე რჩება ხოლმე და მიდის პოლიტიკური ბრძოლა“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.











