„დღევანდელი შეხვედრის „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე”- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან წელს ტარდება არჩევნები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მსურს მივესალმო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ვენეციის კომისიის ექსპერტებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელმაც თვეების განმავლობაში უდიდესი როლი შეასრულა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ბატონო პრეზიდენტო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.
მიუხედავად COVID-19-თან დაკავშირებული პრობლემებისა თქვენ მაქსიმუმს აკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ საპარლამენტო ასამბლეების ჩატარება და ფუნქციონირება“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ შეხვედრაში ონლაინ მონაწილეებს.
კობახიძემ ყურადღება გაამახვილა Covid 19-თან მიმართებაში საქართველოს საუკეთესო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ევროსაბჭოს 48 ქვეყანას შორის და იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.
„ჩვენ ყველაზე დაბალი მონაცემებით გამოვირჩევით. აქტიური ქეისების რაოდენობა 107-ია, რაც ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ასეთი სიტუაცია ჩვენ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ Covid 19-მა ხელი არ შეგვიშალოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ჩვენ ამ საკითხის გამო, ასევე, მივიღეთ სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები, მაგრამ კიდევ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება. დღევანდელი დისკუსია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოვისმენთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით“, – განაცხადა კობახიძემ.











