ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა, სრჯან ჯოკოვიჩი თავისი შვილის დაინფიცირებას გრიგორ დიმიტროვს აბრალებს.
მსოფლიოს პირველი ჩოგანის მამამ ნოვაკის დაინფიცირების გარემოებებზე ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ისაუბრა.
„გაინტერესებთ რატომ გავრცელდა ინფექცია? მხოლოდ იმიტომ, რომ დიმიტროვი ჩამოვიდა დაინფიცირებული და არავინ იცის სად დაავადდა. მან გადასდო ყველას.
სწორედ მან თქვა უარი ზადარში (ხორვატიის ქალაქი) ტესტირებაზე. არ მგონია ეს სწორი საქციელი იყოს. მან დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ოჯახს, ხორვატიას და სერბეთს.
არავინ არის კარგად, მით უმეტეს ჩემი შვილი. ყველანი კარგად უნდა დავფიქრდეთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ.
სამომავლოდ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზადარში კიდევ ჩავატაროთ ტურნირი“, – ამბობს უფროსი ჯოკოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. მას COVID-19 თავისსავე ორგანიზებულ ტურნირზე დაუდგინდა, რომელშიც წამყვანი ჩოგბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. ამასთან, ინფიცირებულთა შორის არის მისი მეუღლეც.
უცხოური გამოცემები ვარაუდობენ, რომ მას ინფექცია გრიგორ დიმიტროვისგან გადაედო, რომელიც მსოფლიოში, ერთ-ერთი მოწინავე ჩოგბურთელია.











