ქობულეთში ამ წუთებში საოჯახო სასტუმროების მფლობელები საბანკო დავალიანების გადავადებისა და საპროცენტო განაკვეთის სრული სუბსიდირების მოთხოვნით აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების” ოფისთან გზა გადაკეტეს. საოჯახო სასტუმროების მფლობელებს გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა და დახმარებას დაპირდა. აქციაზე ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მივიდა და იქ შეკრებილებს განუმარტა, რომ საკითხის მოგვარებაზე როგორც რეგიონული, ასევე ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს და პასუხი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
„არ გვჯერა მერის დაპირების. მეშვიდე აქციას ვმართავთ. დაგვპირდა მერი ბევრჯერ დახმარებას, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. კი შევხვდით ფინანსთა მინისტრს, მაგრამ რა? დაგვპირდა დახმარებას რესტრუქტურიზაციაში, მაგრამ ყველას არ შეეხება. ჩვენ ვითხოვთ დაგვეხმარონ ყველას. ვკარგავთ სახლებს, ქუჩაში ვრჩებით. არ დავიშლებით, სანამ არ შეგვხვდება თორნიკე რიჟვაძე”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აქციის მონაწილეების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მერი აცხადებს, აჭარის მთავრობა და ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს საკითხის მოსაგვარებლად.
„საკითხი, რომელიც ეხება სეზონური მსესხებლების, საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციების წინაშე ფულადი დავალიანების საკითხი ეს არის ერთ-ერთი ურთულესი. მიუხედავად ამ სირთულისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მაქსიმალურად მუშაობს საკითხის ისეთი კონტექსტით გადაწყვეტაზე, რომელიც იქნება მისაღები თითოეული მსესხებლისთვის. თუ კი ამისთვის, საჭირო იქნება კრიტერიუმების შემუშავება, ეს კრიტერიუმები უნდა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი. მაგრამ ძირითადად ამ მუშაობის მთავარი მიმართულება არის იქეთკენ, რომ ყველა იმ ადამიანის სურვილი, პრეტენზია, მოთხოვნა რომელიც უკავშირდება სეზონის სირთულეების შედეგად ორგანიზაციების წინაშე, ფულადი დავალიანების საკითხი იყოს დაკმაყოფილებული.
გუშინაც იყო სამუშაო შეხვედრა, ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არ ყოფილა დახურული ხასიათის შეხვედრა, საინიციატივო ჯგუფთან იყო შეხვედრა. შესაბამისად იქ იქნა განხილული რამდენიმე საკითხი. მოსახლეობას, ასევე მიეწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მუშაობა ამ საკითხზე მიმდინარეობს მაქსიმალურად და პირადად მე, მუნიციპალიტეტის მერს მაქვს სურვილი საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ გადაწყვეტა მოხდება ისე, რომ ამ ადამიანების სურვილი იქნება დაკმაყოფილებული . მე როდესაც დავიწყვე თქვენზე პასუხის გაცემა, მე ვთქვი, რომ საკითხი არის ძალიან რთული. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკრედიტო ორგანიზაციებიდან მსესხებლების სამართლებრივი ურთიერთობის საკითხი.
თუმცა იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ეხება პანდემიას და მოგეხსენებათ პანდემიამ როგორ დააზარალა განსაკუთრებით ტურისტული სფერო. სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივა იყო ის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას და შესაბამისად საკითხის სირთულიდან გამომდინარე ამ საკითხის პოზიტიურად გადაჭრას ჭირდება გარკვეული დრო. თუმცა გარწმუნებთ, ყველა ეს ადამიანი ვინც აქ არის შეკრებილი. ყველა, აბსოლუტურად ყველას ოჯახს ვიცნობ და ყველას გასაჭირი არის ჩემთვის ცნობილი, ყველა მინდა დავარწმუნო რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს ძალიან აქტიური კონსულტაცია საბანკო სექტორთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან. არცერთი წუთი, არცერთი დრო არ იკარგება უქმად იმისათვის რომ საკითხი მაქსიმალურად პოზიტიურ ასპეკტში გადაწყდეს”- აცხადებს მირიან ქათამაძე.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











