„ნაციონალური მოძრაობამ“ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქ ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.
როგორც რომან გოცირიძე და გრიგოლ ვაშაძე ამბობენ, ქუთაისი საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი უნდა გახდეს.
„ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ რა დამართეს ქალაქს, პარლამენტის ამ უნიკალურ შენობას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩამონგრევის პირასაა. დღეს ეს ტერიტორია გადაქცეულია ბუჩქნარად და სარეველა მოედო. ასეთი თავნებობა რომ არ განმეორდეს რომელიმე პარტიის მხრიდან, ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადატანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას და ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული”, – განაცხადა გოცირიძემ.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ამ კანონპროექტის განხილვისას ყველა დაინახავს ვინ არის ქუთაისის კეტილმოსურნე და ვინ არა.
„ჩვენ დაპირება გვქონდა 2018 წელს, რომ ყველანაირად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ უსამართლოდ წართმეული საპარლამენტო დედაქალაქი სატატუსი ქუთაისს აღუდგეს. ჩვენ ამ მიმართულებით პირველი სამართლებრივი ნაბიჯი გადავდგით. ამ კანონპროექტში არის ის, რაც ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდათ დაკვეთა. ეს არის ბიუჯეტის გაორმაგება, მოქალაქეების მიერ პოლიციის უფროსის არჩევა, სამინისტროების წარმომადგენლობების გახსნა ქუთაისში და ყველაფერი ის, რასაც ეს ქალაქი თავისი ისტორიით და კულტურით იმსახურებს “,- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძე არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატად ქუთაისში იყრის კენჭს.











